top of page

სასულიერო პირები და პროპაგანდა

,,დასავლეთი ახდენს ჩვენი ერის სულიერ, ისევე როგორც სოციალურ ოკუპაციას“, ,,ღმერთს ეშლება ადამიანი კაცად უნდა დაიბადოს თუ ქალად?!“, ,,ევროპარლამენტარი გამოდის და გვეუბნება, რომ საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესია არის ბნელეთი“-ეს გახლავთ იმ არასრული ანტიდასავლური კომენტარების ჩამონათვალი, რასაც ქადაგებაში შეხვდებით.

ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარ წყაროს პოლიტიკოსებთან და მედიასთან ერთად, სასულიერო პირებიც წარმოადგენენ. ისინი ქადაგების დროს ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ევროპასთან, ლიბერალიზმთან და ლგბტქ+ თემთან  დაკავშირებით, ასევე საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. თუმცა, მათი განცხადებები არ ჟღერდება მხოლოდ ქადაგების პერიოდში, არამედ სასულიერო პირები პირად თუ ეკლესიის Facebook გვერდს იყენებენ თავიანთი შეხედულებების გასავრცელებლად.

,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ  2022 წელს გამოქვეყნებული ,,ანტიდასავლური პროპაგანდის" ანგარიშის მიხედვით, ანტიდასავლური კომენტარების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო დასავლეთისა და ამერიკის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე ვკითხულობთ: ,,რუსეთი ერთადერთი სუბიექტი იყო, რომელიც მოცემულ დისკურსში პოზიტიურად იყო წარმოჩენილი, ხოლო ყველა სხვა სუბიექტი-ნეგატიურად."

შესაბამისად, პრორუსული დამოკიდებულება  შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად ხელს უწყობს ანტიდასავლური შეხედულების გავრცელებას. ჩვენთან ინტერვიუში რესპონდენტი ილია ჭიღლაძე ამბობს: ,,შენ თუ ეწინააღმდეგები ქვეყნის დასავლურ კურსს, შენ აძლიერებ რუსულ გავლენას“.

 

სასულიერო პირების განცხადებების კონტენტ-ანალიზი მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ენდობა მათ. NDI-ის 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50%-ზე მეტი ეკლესიას ენდობა, რასაც ადასტურებს  ბექა მინდიაშვილის ინტერვიუ ,,რადიო თავისუფლებასთან". ის აღნიშნავს: ,,მათ [სასულიერო პირებს] აქვთ ძალიან დიდი გავლენა მოსახლეობაზე“. 

Screenshot 2024-12-06 042746_edited.jpg

სოციალური ქსელის როლი საეკლესიო ცხოვრებაში

ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან გზას ინტერნეტი წარმოადგენს,  ეს კი ხელს უწყობს ახალი ამბების  სწრაფ გავრცელებას. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის  დეზინფორმაცია და პროპაგანდა სოციალური ქსელის მეშვეობით მარტივად ხელმისაწვდომია. ამას კი განაპირობებს სოციალური მედია, სადაც რთულია ინფორმაციის ფილტრაცია, გადამოწმება და რედაქტირება. მაგალითისთვის Facebook-ი ალგორითმის მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციას, რომელიც მეტ გამოხმაურებას იწვევს, ეს კი ახალისებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ Facebook-ზე პროფილების შექმნასთან, სხვადასხვა მასალის გამოქვეყნებასთან ერთად, გვერდების რეკლამა სასულიერო პირების უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, მაგალითად მოჰყავს დეკანოზი შალვა კეკელიას სოციალური გვერდი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ფოტოები პატრიარქთან ერთად. რესპონდენტი ამბობს, რომ მოცემული ქმედებით დეკანოზი ადვილად ,,სპეკულირებს“ მრევლზე.

IMG_8107_edited_edited.jpg

სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, ისინი სხვადასხვა გადაცემებს სტუმრობენ, თავიანთ Facebook გვერდზე აქვეყნებენ ფოტოებს, ,,live“ ვიდეოებს. სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშები, როგორებიცაა: ,,მრწამსი-მართლმადიდებლური გვერდი“, ,,ქართული გვერდი“, ,,დავითიანნი“ აქტიურად აქვეყნებენ სასულიერო პირების ქადაგების ვიდეოებს. თუ Facebook-ზე იდება გარკვეული ამონარიდები, TikTok-ზე მუშავდება ვიდეოები-ფონად კი სიმღერაა ატვირთული.  მიუხედავად არაერთი ანგარიშის გამოყენებისა, ეკლესია თავის ოფიციალურ პოზიციას თუ განცხადებას აქვეყნებს შემდეგ Facebook გვერდებზე: ,,საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)“ და ,,საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“.

 

,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ მომზადებულ ,,ანტიდასავლური პროპაგანდის“ შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ანტიდასავლური გზავნილები ძირითადად ხუთ კატეგორიად იყოფა. ესენი გახლავთ: 1) საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება; 2) დემოკრატია, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ინსტიტუტები; 3)რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში; 4)იდენტობა და ლიბერალიზმი; 5) უცხოური დახმარება და ეკონომიკა.

იდენტობასთან და ლიბერალიზმთან დაკავშირებული საკითხების გავრცელება

სასულიერო პირების მხრიდან აღნიშნული თემატიკები სხვადასხვა დოზით ვრცელდება. თუმცა, სოციალურ ქსელში არსებული პროფილების კონტენტ-ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ იდენტობისა და ლიბერალიზმის საკითხები მეტად აქტუალობით სარგებლობს. მღვდელი იაკობ მესტვირიშვილის გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით, დასავლეთი საქართველოში აწარმოებს სოციალურ ოკუპაციას, რომლის შედეგიც იქნება ერის სიკვდილი და გადაჯიშება: ,,დასავლეთი ახდენს ჩვენი ერის სულიერ, ისევე როგორც სოციალურ ოკუპაციას. სოციალური ოკუპაცია კი გულისხმობს იმას რომ ქართველ ერს შეუქმნეს და უქმნიან სოციალურად ისეთ პირობებს, რომ იძულებულს ხდიან წავიდნენ ქვეყნიდან, მათ ადგილას კი უცხო ტომელნი ყიდულობენ და მკვიდრდებიან, სწორედ ამიტომ  სულიერი და სოციალური ოკუპაცია ბევრად უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ტერიტორიული ოკუპაცია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იქნეს, მაგრამ სულიერ და სოციალურ ოკუპაციას არაფერი არ ეშველება და ერს უცილობელ სიკვდილს და გადაჯიშებას უქადის", -ამბობს მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი.

ევროპისკენ სწრაფვა სასულიერო პირებისთვის ასოცირდება ყოველგვარი ქართულის უარყოფასთან, მათი განცხადებით საქართველო კულტურითა და ისტორიით არ ჩამორჩება ევროპას: ,,3000 წელი შენთვის არ მიკითხავს როგორ მეცხოვრა და არც ახლა არ გკითხავ, იმიტომ რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ასევე ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, არც კულტურით არც ისტორიით.რად გინდათ მონები იყოთ ვიღაცების, ჩაგძახებენ და იმის გამო რომ ვიღაცას ასიამოვნოთ ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით და გონიერებას მოუხმეთ,“  -აღნიშნავს ეპისკოპოსი იაკობი.

დეკანოზი დავით აფხაზი თავის Facebook პოსტში ლიბერალიზმს ფაშიზმს უწოდებს, ის აღნიშნავს, რომ ევროპაში არის გავრცელებული ,,ლიბერალური ფაშიზმი“, დეკანოზის თქმით, ევროპას ნაცისტური ფაშიზმის დამარცხებაში დაეხმარა სამი ქართველი, ახლაც ქართველების ჯერია დაეხმარონ ევროპელებს ,,ლიბერალური ფაშიზმის“ დამარცხებაში. სასულიერო პირების განცხადებებში ვხვდებით რიტორიკას ევროპის წინააღმდეგ, რომ ევროპის მხრიდან დარიგება არასწორია და მათ არ უნდა მიმართოს ქართველმა დარიგებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას საკვირაო ქადაგების ვიდეო  ვრცელდება.

სასულიერო პირების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა გაძლიერდა ბოლო წლების განმავლობაში. სოციოლოგი სოფიო ზვიადაძე ამბობს:  ,,სიახლე არის ის, რომ ადრე, წლების განმავლობაში, მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირები, ასე ღიად, ასეთი ვულგარული ენით არ აკრიტიკებდნენ დასავლეთს, როგორც ამას დღეს აკეთებენ". 

ევროპარლამენტარი გამოდის და გვეუბნება რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, ამას გვეუბნება კაცი, რომელიც თვითონ არის გათხოვილი, გათხოვილი კაცი გვასწავლის იმას, თუ როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს ჩვენ და გათხოვილი კაცი ამას გვესაუბრება.                                                                                                                                                                                                    -დეკანოზი შალვა კეკელია

avo5h8jyx_edited_edited.png
png-transparent-black-close-quotation-ma

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, სასულიერო პირების ზოგადი განწყობა ევროპის მიმართ წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეკლესიაში დაიწყო რუსული ნარატივის შექმნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. მისი თქმით, პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავდა, რომ დასავლეთი არის სულიერი სიცარიელის კერა და საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. საინტერესოა რა განაპირობებს სასულიერო პირების მკვეთრად განსხვავებულ დამოკიდებულებას ევროპისა და რუსეთის მიმართ. ბექა მინდიაშვილის თქმით, ეკლესიის შეხედულების მიხედვით ანტიქრისტეს მოახლოების პერიოდში საქართველო და რუსეთი შეინარჩუნებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო აღმსარებლობის შენარჩუნების პროცესში რუსეთი დაიცავს საქართველოს.

,,სასულიერო პირები ცდილობენ შექმნან ალტერნატიული მოდელი საქართველოსი, რომელიც არ ეფუძნება ლიბერალურ დემოკრატიას, ამის საპირისპიროდ მოდის მონარქიის აღდგენის იდეა, არ ეფუძნება ადამიანის უფლებებს, ამის საპირისპიროდ მოდის კოლექტიური უფლებები, ერის იდენტობის, თითქოს ისინი იცავენ ერის იდენტობას, ტრადიციების დაცვის, ოჯახის დაცვის. სინამდვილეში, რეალობა არის სრულიად საპირისპირო“, - აღნიშნავს ბექა მინდიაშვილი.

სასულიერო პირების ანტი-ლგბტქ+  განცხადებები

სასულიერო პირების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ასევე ანტი-ლგბტქ+ განცხადებები. ისინი უარყოფითად ახასიათებენ ერთნაირსქესიანი წყვილის კავშირს. დეკანოზი შალვა კეკელია აღნიშნავს, რომ ადამიანების გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათი სხეულის ნაწილები თვალი, ცხვირი, თითი არის სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის. დეკანოზის თქმით, როდესაც ლიბერალი ამბობს, რომ ისეთი დაიბადა, როგორიც არის-ის არ იცნობს ღმერთს.
 

,,შენნაირი თვალის გუგა დედამიწაზე არავის უნდა ჰქონდეს, შენნაირი ხელის ანაბეჭდი დედამიწაზე მეორე ადამიანს შენნაირი არ უნდა ჰქონდეს, ამ ღმერთს ეშლება შენ რა სქესის უნდა დაიბადო? შენი თვალის გუგა თუ გათვალა, შენი სქესი ვერ გათვალა ღმერთმა?“, -ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია
 

ეპისკოპოსი იაკობის თქმით, დასავლეთს სურს ,,ღმერთი შეგვიცვალოს“, მისი აღნიშვნით საქართველოში კაცი -კაცია, ქალი- ქალია, ეს კი არ შეიცვლება და ამ პოზიციის ქონით არავინ არ იჩაგრება.  ის ამბობს, რომ ქართული ისტორიის ერის ქვეყანას ევროპა არ უნდა ,,უქადაგებდეს“ თუ რა უნდა გააკეთოს.

შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო პირები ერთგვარად თესავენ ომის შიშს საზოგადოებაში, მათი აღნიშვნით თუ ქვეყანა დაუჭერს ლგბტქ+ ჯგუფებს მხარს, ის ჩაებმება ომში. მთავარეპისკოპოსი სპირიდონი თავის Facebook გვერდზე ავრცელებს ვიდეო მიმართვას, სადაც ის აღნიშნავს, რომ უცხოელები ითხოვენ საქართველოს ჩაბმას რუსეთ-უკრაინის ომში. მისი თქმით, ახდება ესაიას წინასწარმეტყველება და თუ მოქალაქეები დაუჭერენ სოდომიას მხარს და ტრანსგენდერობას, ეს გამოიწვევს ქვეყნის ომში ჩართვას. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ამბობს: ,,ლგბტქ+ პროპაგანდის წყალობით აუცილებლად ომში ჩაგაბამენ. ხოლო თუ დაუჭერენ მხარს პარტიას, რომელსაც არ უნდა ომში ჩაბმა ის მიიღებს მშვიდობას“.

Anytime, Anywhere

,,საპატრიარქო ნამდვილად არ უჭერს მხარს ევროპულ ნორმატიულ ძალაუფლებას, რომელიც ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკაა და, მათ შორის, გულისხმობს თანასწორობის მხარდაჭერას."   

                           

- თამთა მიქელაძე, ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი

     

1519991008tamta-1_edited.png
00:00 / 00:39

TDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ,,წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და სეკულარობის კუთხით არსებული გარემო“ მოცემული სასულიერო პირების განცხადებები

,,ლგბტქ+ პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში. [...] საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.” 

რესპონდენტების ინტერვიუსა და კონტენტ-ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო პირები აქტიურად იყენებენ Facebook-ს თავიანთი შეხედულებების გასავრცელებლად. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში აფიქსირებენ ანტიდასავლურ შეხედულებებს. აღსანიშნავია, რომ მათი და ხელისუფლების მესიჯები ევროპასთან მიმართებით ურთიერთთანხვედრაშია.  სოციალურ ქსელში  სასულიერო პირები აქვეყნებენ თავიანთ პოზიციას იდენტობის, ლიბერალიზმისა და ლგბტქ+ საკითხებთან დაკავშირებით. 

სასულიერო პირები საზოგადოებაში ერთგვარად თესავენ ომის შიშს, თითქოს ლიბერალიზმის მხარდაჭერით გარდაუვალი გახდება ომი. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ნარატივის გავრცელება, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო, დღესაც გრძელდება, რაც ვრცელდება არა მხოლოდ საეკლესიო ქადაგებაზე, არამედ სოციალურ ქსელშიც.


 

სტატიის ავტორი: მარიამ ბერია
მედიის განვითარების ფონდი

bottom of page